2023-07-04
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური "პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის" (GPA) სამუშაო ჯგუფში გაწევრიანდა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაწევრიანდა „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (GPA) სამუშაო ჯგუფში — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის როლი საერთაშორისო განვითარების დახმარების, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვა“ (“The Role of Personal Data Protection in International Development Aid, International Humanitarian Aid and Crisis Management”).
დაარსებიდან 2 წლის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფი ორიენტირებული იყო მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, ასამბლეის სტრატეგიული პრიორიტეტების, განსაკუთრებით კი კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე, იმ საერთაშორისო ორგანოებსა თუ ქსელებთან ურთიერთობების გაღრმავების გათვალისწინებით, რომლებიც აღნიშნულ საკითხებს პრიორიტეტულად მიიჩნევენ. სამუშაო ჯგუფმა აგრეთვე შეიმუშავა საერთაშორისო განვითარებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების გეგმა, განსაზღვრა მხარდაჭერის მიმღები ქვეყნების სია, რომელთა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ შესაბამის დებულებებს და შედგენილი კითხვარის მეშვეობით აწარმოა შესაბამისი აქტორების გამოკითხვა. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს შვეიცარიის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის ფედერალური კომისარი; აგრეთვე, მისი თანათავმჯდომარეა მონაკოს პერსონალურ ინფორმაციათა საზედამხედველო კომისია. ჯგუფში გაერთიანებულია მონაცემთა დაცვის 24 საზედამხედველო ორგანო და საერთაშორისო ორგანიზაცია.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად იღებს მონაწილეობას „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და განაგრძობს პარტნიორ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს ასამბლეის მისწრაფებებისა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას.
სამუშაო ჯგუფისა და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ
ბმულზე